ახალი ამბები

უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში „აირზენა“, გაიაშვილი და ზურაბ წერეთელი შეიყვანა

1 ივნისი, 2023 • 1747
უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში „აირზენა“, გაიაშვილი და ზურაბ წერეთელი შეიყვანა

უკრაინამ „აირზენა“, მისი ხელმძღვანელი პირები, Aero Handling Georgia და რუსეთში მცხოვრები ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა.

უკრაინის მთავრობის პატრონაჟით მოქმედებს ვებგვერდი „ომი და სანქციები“, რომელიც აქვეყნებს როგორც უკვე სანქცირებულ პირთა სიას, ასევე, იმ პირების სიას, რომელთა სანქცირებისკენაც მსოფლიო მთავრობებს მოუწოდებენ. საიტის მონაცემთა ბაზაში არსებულ ქართველ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს დაემატა:

  • კომპანია „საქართველოს ავიახაზები“;
  • თამაზ გაიაშვილი, „საქართველოს ავიახაზების“ დამფუძნებელი;
  • დავით გაიაშვილი, „საქართველოს ავიახაზების“ დირექტორი;
  • Aero Handling Georgia, ახლად შექმნილი ქართული კომპანია, რომელიც რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისებს მიწისზედა მომსახურებას გაუწევს;
  • ზურაბ წერეთელი, ქართველი მოქანდაკე.

ამ უკანსასკნელთან დაკავშირებით ვებ-გვერდზე წერია, რომ მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით, ავრცელებს კრემლის პროპაგანდის შესაბამის ნარატივებს და პასუხისმგებელია ისეთი ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ვებგვერდს დასასანქცირებელ პირთა მონაცემთა ბაზაში მანამდე შეყვანილი ჰყავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია, დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებული პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი