ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე

1 ივნისი, 2023 •
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში. ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – მთელი რეგიონის ინტრესებშია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე, ევროპული სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს შორის. ხუთმხრივ შეხვედრას დაესწრებიან ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი.

მოლდოვაში შეხვედრამდე აზერბაიჯანულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სწორედ აღნიშნული სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ოფიციალურმა ერევანმა უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი