ახალი ამბები

„სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას“ — ღარიბაშვილი მოლდოვაში

1 ივნისი, 2023 • 940
„სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას“ — ღარიბაშვილი მოლდოვაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე, რომელიც მოლდოვაში დღეს, 1 ივნისს დაიწყო, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს დააყენებს.

„იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მთავარი თემა იქნება უკრაინის ომის და უსაფრთხოების საკითხები მთელ მსოფლიოში. მე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ასევე, ჩვენ გვექნება საუბარი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაშიც და მთელ მსოფლიოში. ჩვენი დიდი ოცნებაა, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, — განუცხადა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მოლდოვაში.

მისი თქმით, საქართველო არც ევროკავშირის წევრია და არც ნატოსი, შესაბამისად, არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები.

„აქედან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და გადავარჩინოთ. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ მშვიდობა“, — თქვა მან.

უცხოელმა ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ჰკითხეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველომ დაიკავა ნეიტრალური და მიუმხრობელი პოზიცია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან და მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ პირველ წარმატებულ მედიაციაში ომის შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს“, — თქვა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოვაში ესწრება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მეორე შეხვედრას. EPC არის სამთავრობათაშორისო ფორუმი პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც შეიქმნა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, ასევე, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი