ახალი ამბები

ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია – მიშელი

30 მაისი, 2023 • 839
ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია.

თუმცა, მისი თქმით, ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია.

ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გაავრცელა.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ“, – დაწერა მიშელმა ტვიტერზე.

სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შესახებ პრესრელიზი გაავრცელა ევროპულმა საბჭომაც. ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

„რიგი სიღრმისეული სტრუქტურული რეფორმებისთვის პარლამენტში გაძლიერებული უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინკლუზიურობისა და ინტერპარტიული თანამშრომლობის აუცილებლობას“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

მათივე განცხადებით, შარლ მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე წინსვლის საქმეში და მრავალპარტიული განხეთქილების დაძლევაში.

ამასთან, ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ შარლ მიშელმა მიიღო სალომე ზურაბიშვილის მიწვევა, უახლოეს პერიოდში საქართველოს ესტუმროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი