ახალი ამბები

შედის თუ არა სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებში რუსეთისთვის იარაღის მიწოდება? – მეგრელიშვილი

30 მაისი, 2023 • 832
შედის თუ არა სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებში რუსეთისთვის იარაღის მიწოდება? – მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბრატისლავში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას მთელი დარბაზი კრიტიკულად და ეჭვის თვალით უყურებდა.

მეგრელიშვილის თქმით, ფორუმზე ღარიბაშვილთან მთელი დისკუსია სანქციებს ეხებოდა და ამ კუთხით მთავრობასთან მასაც აქვს კითხვები.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობამ უნდა განმარტოს, რას გულისხმობს, როცა აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს არ უერთდება. ამიტომ, მეგრელიშვილი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს სასანქციო პოლიტიკაზე საჯარო დისკუსია დაიწყოს, რათა მოქალაქეებს სრულფასოვანი და გასაგები ინფორმაცია ჰქონდეთ.

„მთელი დისკუსია ეხებოდა სანქციებს და მეც მაქვს კითხვა, რადგან პირველად გავიგე, რომ პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, ჩვენ მიერთებული ვართ ფინანსურ სანქციებს, მაგრამ არ ვართ მიერთებული სავაჭრო-ეკონომიკურ საქნციებს. მაინტერესებს, რატომ არ გვაქვს დისკუსია, შედის თუ არა სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებში რუსეთისთვის იარაღის ან იარაღის მაკომპლექტებლების მიწოდება? ეს არის თუ არა სავაჭრო ურთიერთობა? გვაქვს თუ არა ამაზე ძალიან მკაფიო და კონკრეტული პასუხი, რომ საქართველო არ მონაწილეობს ჩვენი პარტნიორების… სადაც გვინდა ევროკავშირში, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, საომარ მოქმედებებში.

რუსეთთან დამოკიდებულებაზე კითხვებზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, ჩვენ რომ ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შევწყვიტოთ, 10-15%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებაო. თქვენ კარგად გახსოვთ, ალბათ, კოვიდის დროს როგორ ვიყავით ჩაკეტილები და რომ ნახოთ, [ეკონომიკური] ვარდნა იყო 5%-იანი. რა ურთიერთობა დავამყარეთ რუსეთთან ამ პერიოდის განმავლობაში, რომ მას შეუძლია 15%-იანი ეკონომიკური ვარდნა მოგვიტანოს მაშინ, როდესაც კოვიდის დროს წლიური ეკონომიკური ვარდნა 5% დაგვიფიქსირდა?“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი