ახალი ამბები

ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა რუსეთის 2008 წლის აგრესია არაპროვოცირებული

30 მაისი, 2023 •
ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა რუსეთის 2008 წლის აგრესია არაპროვოცირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა 2008 წლის ომისას რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული. ამის შესახებ კითხვა მას ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დაუსვეს.

კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“არ მინდა დეტალებზე საუბარი ამ საკითხზე იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ეს ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობით. კარგად არის აღჭურვილი და ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს [ომი რომ არ დაიწყოს], განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი არ არის, არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები… არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ეს ომი დამანგრეველი იყო”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან გლობალური უსაფრთხოების ფორუმზეც აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. მისი თქმით, ომს მაშინ საკმარისი ყურადღება არ მიექცა და მსოფლიომ ვერ განსაზღვრა, რამდენად დამანგრეველი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი