ახალი ამბები

მის გზავნილებს ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები — ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე

26 მაისი, 2023 • 955
მის გზავნილებს ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები — ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე

„ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ.

ერთ-ერთი, ვინც პრეზიდენტის კრიტიკას არ ეთანხმება, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილია.

„ზოგადად, ეს არის დღესასწაული, დღე, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა ზეიმობდეს და გვიხაროდეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთად ვიდგეთ, რომ ჩვენი მიზნები რაც არის, საქართველოს ერთიანობა და ევროპული მომავალი, ამას ვემსახუროთ ყველა ერთად, მათ შორის პრეზიდენტიც.

პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მის გზავნილებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ქვეყნის ინტერესსების წინააღმდეგ ინსტიტუტად. ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროპა ქვეყნის არჩევანი კი არ არის მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და იდენტობაა. ეს არ არის ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ურთიერთბრალდებების დრო არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არის დღე, როდესაც არ უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. მე ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ. გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.

პრეზიდენტმა ხელისუფლების ქმედებების გამო ბოდიში მოუხადა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, ასევე გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე წლის წინ მოკლეს.

პრეზიდენტმა გააკრტიიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ანტიდასავლური პოლიტიიკისა და რიტორიკის ფონზე შვილებს ევროპა-ამერიკაში გზავნიან. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი