საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ახალქალაქის კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ღვთისმსახურებას მოსკოვში ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელდა და აღნიშნავენ, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი:
„გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში, პატრიარქი კირილეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფება.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.