ახალი ამბები

მესამე კანდიდატმა II ტურში ერდოღანს დაუჭირა მხარი

22 მაისი, 2023 • 1115
მესამე კანდიდატმა II ტურში ერდოღანს დაუჭირა მხარი

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების ულტრანაციონალისტი მონაწილე სინან ოღანი მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს. თავისი გადაწყვეტილება ოღანმა 22 მაისს გამოაცხადა და მოუწოდა თავის ამომრჩეველს, მოქმედ პრეზიდენტს მისცენ ხმა.

თურქეთის “ცესკოს” შედეგებით, ოღანმა პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი მიიღო. შესაბამისად, მისმა გადაწყვეტილებამ, თუ რომელი კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს მეორე ტურში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან. მოქმედ პრეზიდენტს თურქეთის მმართველი პარტიისა და მისი მოკავშირეების მიერ ფორმირებული “სახალხო ალიანსი” უჭერს მხარს, ქილიჩდაროღლუს კი — უმსხვილესი ოპოზიციური ერთობა, “ეროვნული ალიანსი”.

თურქული მედიის თანახმად, ოღანმა ერდოღანისადმი თავისი მხარდაჭერის მთავარ მიზეზად დაასახელა ფაქტი, რომ მოქმედი პრეზიდენტის პარტიის გარშემო გაერთიანებულმა ალიანსმა საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

მისი სიტყვებით, “მმართველობის საპრეზიდენტო სისტემის პირობებში, სტაბილურობისთვის გადამწყვეტია, რომ პარლამენტი და პრეზიდენტის თანამდებობა ერთი და იგივე ალიანსის მენეჯმენტის ქვეშ იყოს”.

მისივე თქმით, მთავარმა ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც ქილიჩდაროღლუს უჭერს მხარს, ვერ შეძლო საკმარისი წარმატების მიღწევა სახელისუფლებო ალიანსის წინააღმდეგ და არც მომავლის დამაჯერებელი პერსპექტივა წარმოადგინა”.

“რაც მთავარია, [მათ] ვერ მოიპოვეს საპარლამენტო უმრავლესობა და ხელიდან გაუშვეს სტაბილურობის ფაქტორი”, — დასძინა მან.

ოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა საარჩევნოდ ჩამოყალიბებული კიდევ ერთი ალიანსი, სახელწოდებით, “წინაპართა ალიანსი”. მასში შემავალ უმსხვილეს ძალას, “გამარჯვების პარტიას”, ჯერ არ უთქვამს, ვის დაუჭერს მხარს. აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო კენჭისყრაში 2.23% მიიღო, რაც ოღანის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ მიღებული ხმების ნახევარზე ნაკლებია.

სინან ოღანის განცხადებიდან მალევე, ხსენებული პარტიის ლიდერმა, უმით ოზდაღმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ოღანის გადაწყვეტილება “მისი საკუთარი პოლიტიკური არჩევანია” და არ წარმოადგენს “გამარჯვების პარტიას”, ისევე როგორც, არ აკისრებს ამ უკანასკნელს რაიმე ვალდებულებას. ოზდაღის პარტია თავის პოზიციას სამშაბათს გამოაცხადებს.

თურქეთის “ცესკოს” ბოლო მონაცემებით, პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამომრჩეველთა 49.52%-მა დაუჭირა მხარი, ქილიჩდაროღლუს — 44.88%-მა. მესამე კანდიდატს, სინან ოღანს, 5.17% აქვს, მუჰარემ ინჯეს კი, რომელმაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა — 0.43%.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო იყო, ერთ-ერთ კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი მოეგროვებინა. ეს ვერც ერდოღანმა შეძლო და ვერც ქილიჩდაროღლუმ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც, საპრეზიდენტო კენჭისყრის მსგავსად, 14 მაისს ჩატარდა: 600-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო ალიანსი უმრავლესობას კრავს, თუმცა მმართველი პარტიის მანდატების რაოდენობა, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, შემცირებულია.

20 წელია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს მართავს. რიგი ფაქტორების, მათ შორის, ქვეყანაში გამწვავებული ეკონომიკური პრობლემებისა და ოპოზიციის ერთიანობის ფონზე, 14 მაისის არჩევნები ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი