ახალი ამბები

„ფორმულას“ ჟურნალისტისთვის ხელშეშლის ფაქტზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

22 მაისი, 2023 • 908
„ფორმულას“ ჟურნალისტისთვის ხელშეშლის ფაქტზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.

საუბარია ყვარლის ტბის სასტუმროსთან 20 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, რომლის ამსახველი კადრებიც თავად დავით ჭაბაშვილმა 21 მაისს გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ სასტუმროს უსაფრთხოების თანამშრომლები და შსს-ის წარმომადგენლები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით ჟურნალისტის გაყვანას.

„დამირეკა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მითხრეს, რომ იწყებენ საქმის მოკვლევას პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მთხოვეს, რომ თუ კი რამ მასალა გამაჩნდა, მათთვის მიმეცა. გამომკითხა თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და როდის, ასევე მაქვს თუ არა სხეულზე დაზიანებები. დავუდასტურე, რომ გარკვეული დაზიანებები მივიღე ხელისა და ფეხის მიდამოებში. მკითხეს ასევე, მივმართე თუ არა სამართალდამცავებს, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან ვფიქრობ, აზრი არ აქვს, შედეგი არ დადგება“, – ამბობს „ფორმულას“ ჟურნალისტი.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი საქართველოში ნათესავების ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან. ღონისძიება ყვარლის ტბის სასტუმროში იყო დაგეგმილი.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სასტუმროსთან აქცია გაიმართა, სადაც სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილს აპროტესტებდნენ. სასტუმროს ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. ლავროვის ნათესავების ქორწილის საპროტესტო მოვლენებისას 16 ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის 16-ვე თავისუფალია და მათ საქმეზე სასამართლო ადმინისტრაციული წესით 19 ივნისს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი