ახალი ამბები

გრებეშნიკოვს რუსეთში არმიის „დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ — საქმე სასამართლოშია

18 მაისი, 2023 •
გრებეშნიკოვს რუსეთში არმიის „დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ — საქმე სასამართლოშია

ცნობილი რუსი როკმუსიკოსის, ბორის გრებეშნიკოვის წინააღმდეგ რუსეთში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. აღნიშნულის საბაბი არმიის „დისკრედიტაცია“ გახდა, „მედიაზონაზე“ დაყრდნობით იუწყება „მედუზა“.

ადმინისტრაციული საქმე ტვერსკის სასამართლომ უნდა განიხილოს. სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის და ოფიციალურად არც ის არის ცნობილი, კონკრეტულად რა გახდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი.

თუმცა როგორც „მედუზა“ წერს, 2023 წლის იანვარში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა სულტან ხამზაევმა განაცხადა, რომ გრებეშნიკოვის მიერ არმიის „დისკრედიტაციის“ გამო საგამოძიებო კომიტეტს მიმართავდა. ხამზაევმა თქვა, რომ საქმე ეხებოდა ინტერვიუს, რომელიც გრებეშნიკოვმა ისრაელის მე-9 არხს ჯერ კიდევ 2022 წელს მისცა.

აღნიშნულ ინტერვიუში გრებეშნიკოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ „ერთი ქვეყნის მიერ მეორის განადგურება ნაციონალური კუთვნილების ნიშნით, ეს არის ფაშიზმი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი