ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება 17 მაისზე

17 მაისი, 2023 •
ომბუდსმენის განცხადება 17 მაისზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც 17 მაისს აღინიშნება 2004 წლიდან მოყოლებული.

ომბუდსმენი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც მისი შეფასებით საქართველოში არსებობს ლგბტ+ ადამიანების დისკრმინაციის კუთხით.

“მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.

სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.

სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.

შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს”, – აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი