ახალი ამბები

ევროკავშირი მხედველობაში მიიღებს რუსეთის მიერ ფრენებზე აკრძალვის მოხსნას – სტანო

11 მაისი, 2023 • 1730
ევროკავშირი მხედველობაში მიიღებს რუსეთის მიერ ფრენებზე აკრძალვის მოხსნას – სტანო

ევროკავშირი მხედველობაში მიიღებს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ.

ამის შესახებ განაცხადაევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა პიტერ სტანომ.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი