ახალი ამბები

კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვერ იფუნქციონირებენ – ხუციშვილი

11 მაისი, 2023 • 622
კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვერ იფუნქციონირებენ – ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ სანქციებს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვერ იფუნქციონირებენ.

ამის შესახებ მან განაცხადა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნაზე საუბრისას.

ხუციშვილის თქმით, უსაფუძვლოა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთისთვის საერთაშორისო დონეზე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება გახდეს.

„როგორც ჩაკეტვასთან  დაკავშირებით იყო ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, ასევეა გახსნასთან დაკავშირებითაც. ჩვენს პარტნიორებთან იმპორტის და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვერ განახორციელებენ შესაბამის ოპერაციებს და ვერ იფუნქციონირებენ.

ეს არის სანქციების აღსრულების ის ნაწილი, რომელსაც საქართველო აქამდე ახორციელებდა, დღესაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ, რომ ამ ნაწილში გარკვეული შეშფოთების საფუძველი არსებობდეს[…] აშშ-ს და ჩვენს სხვა პარტნიორებს ძალიან დეტალური ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს[…] შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით, ამასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ არსებობს… აჟიოტაჟის და ყალბი მოლოდინების შექმნის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი