უკრაინელებმა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტით“ ჩამოაგდეს რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“, აცხადებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს [პენტაგონის] პრესსპიკერი პატრიკ რაიდერი.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ [უკრაინელებმა] ჩამოაგდეს რუსული რაკეტა „პატრიოტის“ სისტემით“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
იმის შესახებ ინფორმაცია, რომ 4 მაისის შეტევისას გაშვებული „კინჟალი“ ჩამოაგდეს, თავდაპირველად გაავრცელა უკრაინულმა პორტალმა „დიფენს ექსპრესმა“. თავიდან უკრაინული საჰაერო ძალები ამას უარყოფდნენ, მაგრამ მოგვიანებით დაადასტურეს.
რუსულ მხარეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ 2022 წლის აგვისტოში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ნათქვამი აქვს, რომ „კინჟალის“ ჩამოგდება შეუძლებელია.