ახალი ამბები

ხაბეიშვილი სემეკისგან კომუნალური გადასახადების დაწევას ითხოვს

8 მაისი, 2023 • 578
ხაბეიშვილი სემეკისგან კომუნალური გადასახადების დაწევას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებისგან და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისგან [სემეკი] ითხოვს კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების დაწევას.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა თქვა, რომ თუ ტარიფები არ დაიწევა, „ენმ“ კომისიის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას პარლამენტში დაიბარებს.

მმართველ პარტიას ხაბეიშვილმა შეახსენა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების დაპირება და დასძინა, რომ დღეისთვის, 2011 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის ყველაზე იაფი ტარიფი ერთი კილოვატისთვის 18 თეთრს შეადგენს.

აგრეთვე, ხაბეიშვილმა მთავრობას შეახსენა სემეკის 2020 წლის განცხადება, რომლის თანახმადაც, ტარიფები აიწეოდა მაშინ, როცა ერთი დოლარის ღირებულება 2.5 ლარს გადააჭარბებდა და აღნიშნა, რომ ახლა, მიუხედავად დოლარის ღირებულების ამ ნიშნულის ქვემოთ ჩამოსვლისა, ფასებმა არ დაიწია.

„ნაციონალური მოძრაობა ითხოვს სასწრაფოდ ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას და მინიმუმ 2019 წლის მდგომარეობასთან გათანაბრებას, ამ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს წყლის და გაზის გადასახადიც“, – ამბობს იგი.

ხაბეიშვილის თქმითვე, უახლოეს დღეებში „ენმ“ მიმართავს სემეკს ტარიფის გადახედვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი