ახალი ამბები

47% არ ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას – კვლევა

8 მაისი, 2023 • 760
47% არ ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას – კვლევა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ჯამურად 47% მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

სანქციებთან საქართველოს მიერთების მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 22%-ს. დანარჩენი მოსახლეობა ამ საკითხის მიმართ ან ნეიტრალურია, ან პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება მიზეზებს, მოქალაქეთა დიდი ნაწილი [43%] ფიქრობს, რომ სანქციებთან მიერთება გამოიწვევს რუსეთის საქართველოზე თავდასხმას. ამ აზრს ჯამურად 20% არ ეთანხმება. დანარჩენი მოსახლეობა ამ საკითხის მიმართ ან ნეიტრალურია, ან პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი მუშაობს. 19% ამბობს, რომ ისინი უკვე მუშაობს, 22% კი მიიჩნევს, რომ არ იმუშავებს მოკლე, თუმცა ეფექტი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში. 27% კი აცხადებს, რომ სანქციები სულაც არ მუშაობს.


კვლევა ჩატარებულია USAID-ის მხარდაჭერით, „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩაატარა „CRRC საქართველომ“. ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%.

გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, წარმომადგენლობითია მთელი საქართველოსი, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4%.

აგრეთვე, 10-14 მარტს ჩატარდა დამატებითი 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი