„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მებრძოლებისთვის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალის მიწოდებას დაჰპირდნენ. სავარაუდოდ, ეს დაპირება მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია “უკრაინსკაია პრავდამ” პრიგოჟინის პრესსასმახურზე დაყრდნობით დღეს, 7 მაისს გაავრცელა.
მისი თქმით, სავარაუდოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან უთხრეს, რომ შეუძლიათ ისე იმოქმედონ ბახმუტში, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ხოლო “ვაგნერსა” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შუამავალი უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაური გენერალი სერგეი სუროვიკინი იქნება.
რამდენიმე დღის წინ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემდნენ. ის ამბობდა, რომ ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან და ტყვია-წამლის არქონის პირობებში ისინი “უაზრო დაღუპვისთვის” არიან განწირული.
4 მაისს, გვიან ღამით კი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო.
ის ამბობდა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან იბრძვის. მისი და რეგულარული არმიის ერთობლივი ძალისხმევით, რუსებმა შეძლეს ქალაქის ცენტრის აღება. ბახმუტისთვის რუსები 8 თვეზე მეტია იბრძვიან და კვლავაც უკრაინის ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. უკრაინისა და აშშ-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეში „ვაგნერს“ დიდი დანაკარგები აქვს.