ახალი ამბები

წერეთელზე აღმოჩენილი ნაგებობები, სპეციალისტების შეფასებით, მე-19 საუკუნის აკლდამებია — მერია

7 მაისი, 2023 • 6368
წერეთელზე აღმოჩენილი ნაგებობები, სპეციალისტების შეფასებით, მე-19 საუკუნის აკლდამებია — მერია

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ნაგებობები სპეციალისტების დასკვნით, მეცხრამეტე საუკუნის აკლდამებია. ამის შესახებ მერიამ ნეტგაზეთს დღეს, 7 მაისს განუცხადა.

“შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები”, – ნათქვამია განცხადებაში.

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, რომლის განცხადებასაც თბილისის მერია ავრცელებს, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია 12-მდე სამარხი:

„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, — აცხადებს ძნელაძე.

მერიის ინფორმაციით, ნაგებობების აღმოჩენისთანავე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მათ შესახებ.

უწყების ცნობით, ამჟამად ადგილზე სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს სამუშაოები და აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი