ახალი ამბები

ენმ-ში რაიონული არჩევნები ტარდება, მელია ამას საზიანოდ მიიჩნევს

4 მაისი, 2023 • 974
ენმ-ში რაიონული არჩევნები ტარდება, მელია ამას საზიანოდ მიიჩნევს

17-20 მაისს „ნაციონალური მოძრაობა“ 63 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევს.

შიდაპარტიულ არჩევნების შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირების და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, პარტიის ყველა დონეზე მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები. უმნიშვნელოვანესია, რომ პარტია იყოს გამართული, სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, რომელიც დაუპირისპირდება რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს და იბრძოლებს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს დავაანონსეთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში გაიმართება ღია, გამჭვირვალე არჩევნები და ასეთი იქნება 63, სადაც ადგილობრივები აირჩევენ თავმჯდომარეს“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, პარტიაში გადაწყვიტეს, რომ პროცესები 20 მაისამდე დასრულდეს:

  • 4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გასტანს ენმ-ის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის მსურველების კანდიდატების რეგისტრაცია;
  • 9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს საშუალება ექნებათ, დაარეგისტრირონ საკუთარ მომხრეთა სია, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად;
  • 14-16 მაისის განმავლობაში არჩევნების მონაწილე ყველა მხარეს ექნება დრო და საშუალება, გადახედოს და გადაამოწმოს საარჩევნო ერთიანი ე.წ. სამაგიდო სია;
  • 17-20 მაისს განსაზღვრული გრაფიკით ყველა რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდება არჩევნები.

ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეობის მსურველი შესაძლოა დარეგისტრირდეს კანდიდატად:

  • თუ კანდიდატად რეგისტრაციისთვის მხარს უჭერს ადგილობრივი საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ 1/3;
  • თუ კანდიდატად წარადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭოს მინიმუმ 2 წევრი;
  • თუ კანდიდატობის მსურველი წარადგენს ადგილობრივი საარჩევნო ოლქის საერთო ამომრჩეველთა მინიმუმ 1%-ზე მეტი რაოდენობის მხარდამჭერის ხელმოწერას.

კანდიდატი ვერ იქნება:

  • პირი, მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური პოლიტიკური პოზიციებით;
  • სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი;
  • „ქართულ ოცნების“, ე.წ. ხალხის ძალის, „ალტ-ინფოს“ იდენტიფიცირებული მხარდამჭერი.

ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგამდე ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი და შიდაპარტიულ საკითხებზე, მათ შორის არჩევნებზე, საუბარი პარტიისთვის დამაზიანებლად ჩათვალა.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის” წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე, მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რჩება სულ რამდენიმე კვირა და ახლა ეს არის საკითხი, სადაც ერთიანობის და მონოლითურობის დემონსტრირება არის უდიდესი მნიშვნელობის ამოცანა“, — წერს მელია Facebook-ზე.

მისი თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოების გაღრმავებას.

„დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა, როგორც მინიმუმ:

  1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე;
  2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ის) პარტიის მხრიდან.

ამ უმთავრესი საკითხის მიღმა ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არა პირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა, იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“, — აცხადებს მელია.


„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა, ერთი მხრივ, მოქმედ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და, მეორე მხრივ, ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის, რომელიც ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი თავად ამყარებს რეჟიმს და შიდა არჩევნების დროს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნის. მაგალითად, ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ის პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.

პარალელურად, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მართავს შეხვედრებს. ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნული სეპარატიზმის მცდელობად შეაფასა. მელიას თქმით კი, ოფისის გახსნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ „პარტია პრაქტიკულად ორად გაიყო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი