ახალი ამბები

კიევი უარყოფს კრემლზე თავდასხმის ბრალდებებს

3 მაისი, 2023 • 1560
კიევი უარყოფს კრემლზე თავდასხმის ბრალდებებს

უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებებს ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობის და კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით [დრონი] თავდასხმის თაობაზე.

ოფიციალურ კიევი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა სხვის ტერიტორიას თავს არ ესხმის.

„არ გვაქვს ინფორმაცია ე.წ. ღამის შეტევებზე კრემლზე. თუმცა, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, მთელ არსებულ ძალას და საშუალებას უკრაინა იყენებს საკუთარი ტერიტორიების გასათავისუფლებად და არა სხვებზე თავდასხმისთვის“, – ციტირებს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-სპიკერ სერგეი ნიკიფოროვს „მედუზა“.

ნიკიფოროვის თქმითვე, „რაც მოსკოვში მოხდა, 9 მაისამდე ვითარების დაძაბვის მორიგი [მცდელობაა]. მოსალოდნელი ილეთი ჩვენი მოწინააღმდეგებისგან“.

რა მოხდა?

„კიევმა ღამით კრემლზე დრონებით შეტევა სცადა, მაგრამ თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“ ,– განაცხადა დღეს, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა.

პრესსამსახურის ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ, პუტინის რეზიდენციისკენ იყო მიმართული.

„სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო სისტემების დროული ქმედებების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა“, – ციტირებს პრესსამსახურს რუსული მედია.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და პუტინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„რუსეთი იტოვებს უფლებას, უპასუხოს კრემლზე თავდასხმის მცდელობას, სადაც და როცა საჭიროდ მიიჩნევს“, – წერს რუსული სააგენტო „ტასი“ პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი