ახალი ამბები

პრეზიდენტს დადებითად ყველაზე მეტად „ოცნების“ მხარდამჭერები და ახალგაზრდები აფასებენ – NDI-ის კვლევა

3 მაისი, 2023 • 901
პრეზიდენტს დადებითად ყველაზე მეტად „ოცნების“ მხარდამჭერები და ახალგაზრდები აფასებენ – NDI-ის კვლევა

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის თანახმად, წინა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია  51-დან 43 პროცენტამდე. ყველაზე კრიტიკულნი ხელისუფლების მიმართ ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელო ცვლილებებია პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასებაში.

პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 17%, საშუალოდ – 41%, ნეგატიურად – 28%. შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა, მიუხედავად მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს მეთაურის ბოლოდროინდელი დაპირისპირებებისა.

პრემიერის საქმიანობას – 30% დადებითად, 31% საშუალოდ და 28% ცუდად აფასებს. შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა.

რაც შეეხება პარლამენტს, დეკემბერთან შედარებით 6%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც უკმაყოფილოა მთავარი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით. მოსახლეობის უმრავლესობის [51%] აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. 39% მიიჩნევს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს. საპირისპირო აზრზეა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა თითქმის 3/4. ზოგადად, სწორედ მმართველი პარტიის მხარდამჭერებზე მოდის პარლამენტის საქმიანობის დადებითი შეფასების დიდი წილი.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევისგზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოპასუხების დონემ შეადგინა 14%. ცდომილების ზღვარია +/- 2%.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. საველე სამუშაოები ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი