ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციებთან მუშაობა საჭიროა — კატრინ კოლონა

28 აპრილი, 2023 •
სამოქალაქო ორგანიზაციებთან მუშაობა საჭიროა — კატრინ კოლონა

„წადით კიდევ უფრო წინ. ჩვენ გვსურს თქვენი წარმატება და თქვენ გვერდში ვიქნებით“, — მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე კოლონა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ილია დარჩიაშვილთან პრესკონფერენციაზეც ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების როლზე დემოკრატიაში.

„ჩემი ჩამოსვლისთანავე მინდოდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს გაუმართლა, რომ აქვს დინამიკური, სერიოზული, მომთხოვნი [სამოქალაქო] ორგანიზაციები და ეს არის ის, რასაც საფრანგეთს და საქართველოს საერთო გვაქვს. თუ შემიძლია, რომ რეკომენდაცია გავაკეთო, ეს არის, რომ დემოკრატიაში უნდა იმუშაოთ ერთად, უნდა უსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც მოვისმინოთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო ორგანიზაციებთან ინკლუზიური მუშაობა არის საჭირო. ეს ყოველთვის არის პლიუსი“, — განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში და პარალელი გაავლო საქართველოს 2008 წლის გამოცდილებასთან.

„მოვედი, რომ გადმოგცეთ საფრანგეთის მხარდაჭერის გზავნილი და გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან, რომელიც ამ რეგიონში კომპლექსური და რთული საკითხია, განსაკუთრებით ბოლო აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა დაასრულოს ეს ომი“, — თქვა მან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის. კატრინ კოლონამ ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის.

„ვნახე ძალიან ბევრი ევროპული დროშა თბილისში. გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები. პროცენტული მაჩვენებელი ქართველებისა, რომლებიც ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას (89%) ევროკავშირში, ის რიცხვია, რომელიც მომავლის ხედვას გვაძლევს. საქართველოს მომავალი არის ევროპაში. ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო და ისტორიული შესაძლებლობაა. ჩვენ ვართ საქართველოსთან ამ გზაზე. აუცილებელია პროგრესი. როგორ უნდა წახვიდეთ წინ და მოიპოვოთ კანდიდატის სტატუსი? — 12 პრიორიტეტის შესრულებით და იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც უზრუნველყოფს ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას“, — განაცხადა კოლონამ.

ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. მისი თქმით, ილია დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლაზე 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში, „განსაკუთრებით საკანონმდებლო დონეზე“.

„რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები“, — დასძინა კატრინ კოლონამ .

ვიზიტის ფარგლებში ფრანგი დიპლომატი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

2018 წლის შემდეგ, ეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი