ახალი ამბები

რუსეთში ადმინისტრაციული საქმე აღძრეს კონდიტერზე, რომელიც ანტისაომარ ტორტებს აცხობს

28 აპრილი, 2023 • 809
რუსეთში ადმინისტრაციული საქმე აღძრეს კონდიტერზე, რომელიც ანტისაომარ ტორტებს აცხობს

რუსეთში ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს კონდიტერზე, რომელიც ანტისაომარი ლოზუნგებით ტორტებს აცხობს.

ანასტასია ჩერნიშევა მოსკოვში ცხოვრობს და ტორტებს აცხობს, მათ ფოტოებს კი ინსტაგრამზე აქვეყნებს. 27 აპრილს მასთან სახლში პოლიცია მივიდა და კონდიტერი განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც მისი უფლებადამცველი, იულია ევდოკიმოვა ამბობს, განყოფილებაში ჩერნიშევაზე ოქმი შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, კერძოდ, რუსეთის ჯარის „დისკრედიტაციის“ მუხლით.

მიზეზი პოლიციას არ განუმარტავს. თუმცა უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ოქმის რეალური მიზეზი კონდიტერის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული რამდენიმე ფოტოა, რომელზეც ჩანს ტკბილეული ანტისაომარი ლოზუნგებით.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კრემლმა ქვეყნის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში შექმნა მუხლები ჯარის „დისკრედიტაციისა“ და „ფეიკების“ გავრცელების შესახებ. ამ მუხლებს იყენებენ ოპოზიციონერებისა და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც რაიმე ფორმით აკრიტიკებს ომს.

მასალების გადაბეჭდვის წესი