ახალი ამბები

საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა 1,3%-ით გაიზარდა

27 აპრილი, 2023 • 829
საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა 1,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკური სამსახურის („საქსტატი“) ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 1,3%-ით და 3,736 მილიონი შეადგინა. მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„საქსტატის“ ცნობით:

2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).

მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს.

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1,793 მილიონი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1,945 მილიონი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კაცებისთვის შეადგენს 69,4 წელს, ხოლო ქალებისთვის – 78,1 წელს.

2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.

2022 წელს რუს იმიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 62 304 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი