ახალი ამბები

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – შარლ მიშელი

25 აპრილი, 2023 • 939
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – შარლ მიშელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

როგორც შარლ მიშელი აცხადებს, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა, როგორც არასდროს, მთავარი პრიორიტეტების შესრულება გადამწყვეტია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას.

ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას ყოველ ნაბიჯზე და რჩება მტკიცედ ერთგული ევროპული პერსპექტივისა და ქართველი ხალხისთვის ისტორიული შესაძლებლობის მიმართ“, – დაწერა ტვიტერზე შარლ მიშელმა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც. მათი ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე, ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR).

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი