ახალი ამბები

ეს იყო არსებითი გარდატეხა – ღარიბაშვილი „ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელს აფასებს

21 აპრილი, 2023 • 862
ეს იყო არსებითი გარდატეხა – ღარიბაშვილი „ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელს აფასებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს.

ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნება იყო არსებითი გარდატეხა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“.

„დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

ღარიბაშვილი „ოცნების“ უდიდეს მიღწევად ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს გამოყოფს და ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

„განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა – კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით – წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ – ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი