ახალი ამბები

„დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“ – საგამოძიებო კომისია მესამე ცდაზეც ვერ შეიქმნა

20 აპრილი, 2023 • 1578
„დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“ – საგამოძიებო კომისია მესამე ცდაზეც ვერ შეიქმნა

„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება.

როგორც  რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობა რეგისტრაციას დღესაც არ გაივლიდა.  შესაბამისად, ქვორუმის არარსებობის გამო სხვა საკითხებზე კენჭისყრაც აღარ გამართულა.

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერნიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში, ამ პრინციპების დასაცავდ გვიწევს მოქმედება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეწოდებათ ოპოზიცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება. შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ოპოზიციაა, შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე მობილიზებული იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რათა კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ჰქონოდათ.

თუმცა, ვინაიდან უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან, მესამე დღეა ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციას არ გადიან და ამით კომისიის შექმნას ხელს უშლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი