ახალი ამბები

„უკრაინის მომავალი ნატოშია“ – იენს სტოლტენბერგი კიევშია

20 აპრილი, 2023 • 818
„უკრაინის მომავალი ნატოშია“ – იენს სტოლტენბერგი კიევშია

უკრაინის მომავალი ნატოშია, თუმცა ამჟამად ალიანსის მიზანი კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენაა, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ამჟამად იგი კიევში დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩატარებულ საერთო პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მომავალი სამიტი ვილნიუსში მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

კერძოდ, სტოლტენბერგი ელის, რომ ალიანსის წევრები კიევის სერიოზული მხარდაჭერის პირობას დადებენ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს.

„არანაკლებ ველი, რომ წევრები კვლავ დაადასტურებენ დაპირებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ველი, რომ ვილნიუსის სამიტზე, პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით, მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს დახმარების პაკეტის გაზრდაზე“, – ციტირებს მას „უნიანი“.

სტოლტენბერგი აგრეთვე ვარაუდობს, რომ სამიტზე ზელენსკი დააყენებს ნატოში უკრაინის წევრობის საკითხსაც და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახსა და ნატოშია. ამაზე ყველა თანხმდება. ამავე დროს, ახლა ალიანსის ყურადღება ფოკუსირებულია უკრაინის გამარჯვებისა და სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩენაზე“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ უკრაინას სწორედ იმიტომ ეხმარებიან, რათა  ნატოს წევრი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი