ევროკავშირი და ევროპის საბჭო სამ მილიონ ევროს გამოყოფენ საქართველოში ოთხი პროექტის განსახორციელებლად. პროექტები ხორციელდება პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში.
როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ამბობენ, პროექტების მიზანია:
- დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში;
- მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას;
- ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას;
- ხელი შეუწყოს ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.
ამასთან ერთად, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა „ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან“.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს რეგიონებში სამი პროექტის ჩატარების შესახებ, რომელთა მიზანიც ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა.
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ 2015 წლიდან ხორციელდება, წელს კი პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ წლების განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, მათ შორის გაუმჯობესდა სამართალდამცავებისა და საჯარო მოხელეების შესაძლებლობები ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში. გარდა ამისა, შეიქმნა ონლაინ-კურსები იურისტებისთვის სასამართლო სისტემის ეფექტიანობის პროექტის ფარგლებში.
აგრეთვე, სისხლის სამართლის პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროგრამის ფარგლებში, პროკურორებისთვის შემუშავდა აუცილებელი დოკუმენტი „მოწმეებთან, მსხვერპლებთან და შშმ ბრალდებულებთან მუშაობის სტანდარტებზე“.