ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი გალს რუსი ტურისტების ექსტრემალური დასვენებისთვის ამზადებს

20 აპრილი, 2023 • 3291
სოხუმი გალს რუსი ტურისტების ექსტრემალური დასვენებისთვის ამზადებს

აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ცნობით, უწყება 2023 წლის საკურორტო სეზონის მომზადებას გალის რაიონში სამუშაოებით იწყებს.

“გალის რაიონი რუსეთის ფედერაციისგან ყველაზე მეტად არის დაშორებული, ამიტომ რუსი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მომხიბლავი უნდა გავხადოთ, რადგან ჩვენი ტურისტების 90% რუსეთიდანაა”, – ამბობს დე ფაქტო კულტურის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა.

აფხაზური მედიის ცნობით, ამ მიზნით დე ფაქტო კულტურის  მინისტრი 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა გალის რაიონში, სადაც გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსს კონსტანტინ ფილიას შეხვდა.

“გვესმის, რომ საბჭოთა დროსაც კი გალის რაიონში ტურიზმი არც ისე კარგად იყო განვითარებული. დღევანდელი სამუშაოები ახალ იმპულსს მისცემს ტურისტული სფეროს განვითარებას. ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოვა. გალის რაიონი ძალიან საინტერესოა, ბევრი რამ არის სანახავი. 19- კილომეტრიანი სანაპირო ზოლი გვაქვს, ევკალიპტების ტყე, სადაც კემპინგების მოწყობა შეიძლება. დამატებით კიდევ მოვამზადეთ ტურისტებისთვის საჩვენებელი  ადგილების ნუსხა”, – ამბობს გალის ადმინისტრაციის დე ფაქტო უფროსი ფილია. 

დე ფაქტო კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულია გალის ქუჩების წესრიგითა და სისუფთავით.

“ამისთვის მადლობას ვუხდი გალის ხელმძღვანელობას. აქ უბრალოდ არ ჩამოვსულვართ. ვფიქრობ, ტურიზმის სფეროში დიდი პერსპექტივები აქვს გალის რაიონს. ვიცით, რომ რაიონის ტერიტორიაზე არსებობს შუა საუკუნეების არქიტექტურის ძეგლები, ასევე, ლამაზი ხეობები”.

როგორც აფხაზური მედია წერს, ხიშბამ განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა სპორტულ ბაზაზე “რეჩხი”, რომელიც იყო საბჭოთა სპორტსმენების მოსამზადებელი ცენტრი.

“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ე.წ. “გალის ზღვა” – წყალსაცავი. როგორც ვიცით, 1987 წელს დასრულდა მასშტაბური მშენებლობა. აქ იმართებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები. ვფიქრობ, სპორტული ტურიზმის განახლებაც შეიძლება. აქ განსაკუთრებული ბუნებაა, იმავე წყალსაცავზე ძალიან სუფთა წყალია, თევზით მდიდარი. ვფიქრობ, ექსტრემალური დასვენებისა და თევზაობის მოყვარულთათვის ეს საინტერესო იქნება. შევეცდებით, სწორედ აქედან დავიწყოთ საქმე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი