ახალი ამბები

უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“ მიიღო

19 აპრილი, 2023 • 838
უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“ მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი ადასტურებს, რომ კიევმა პარტნიორებისგან მიიღო საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“.  ამას წინ უძღოდა გერმანული მხარის გუშინდელი განცხადება „პატრიოტის“ გადაცემის შესახებ.

რეზნიკოვი იხსენებს, რომ „პატრიოტის“ უკრაინისთვის გადაცემა შეუძლებლად მიიჩნეოდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „შეუძლებელი არაფერია“ და დასძენს:

„დღეს ჩვენი საოცარი უკრაინული ცა უფრო დაცული ხდება. ჩვენმა მცველებმა მაქსიმალურად სწრაფად აითვისეს ეს სისტემა, ჩვენმა პარტნიორებმა კი პირობა შეასრულეს“.

რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს, გერმანისა და ნიდერლანდებს და დაწერა: „გამარჯვებას ერთად მოვიპოვებთ“.


რას არის „პატრიოტი“?

„პატრიოტის“ კომპლექსის ამოცანა რაკეტების ჩამოგდებაა. სარაკეტო სისტემას ამერიკაში უშვებს სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია „რეითეონი“. გამოიყენებოდა სხვადასხვა კონფლიქტში, მათ შორის 1991 და 2003 წლების ერაყის ომებში.

სისტემა აღჭურვილია მართვადი რაკეტებით, რომელთა სხვადასხვა მოდიფიკაცია 30-დან 160 კილომეტრამდე რადიუსში გამოიყენება.

რაკეტებს გასროლის ზედაპირიდან 24 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა შეუძლიათ.

ერთი კომპლექსის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია, მისი ერთი რაკეტა კი 4 მილიონი ღირს.

ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას უკრაინაში. ეს არ არის ომის მოგების საშუალება, მაგრამ Patriot-ის სისტემები ნამდვილად გაზრდის უკრაინის ჰაერიდან დაცულობას, რითაც შეიზღუდება რუსული ტერორი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე. ეს კი კიევს მისცემს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების საშუალებას“, – აცხადებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი