ახალი ამბები

უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

19 აპრილი, 2023 • 3606
უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის მიზეზი გახდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელთან, დენის პუშილინთან, აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

კიევი შეხვედრას მინსკის მხრიდან „მორიგ არამეგობრულ აქტად“ აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ეს არის პუშილინის „ლეგიტიმაციის მცდელობა“, რომელიც უკრაინულ გამოძიებას ემალება და საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.

„ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ბელარუსში ელჩი იგორ კიზიმი კონსულტაციებისთვის გამოიძახოს“, – აცხადებს ოფიციალური კიევი და მოუწოდებს მინსკს, „თავი შეიკავოს დესტრუქციული ნაბიჯებისგან“.


ლუკაშენკოსა და პუშილინის შეხვედრა გუშინ მინსკში შედგა. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად სურს გაიგოს, როგორია ვითარება „სახალხო რესპუბლიკაში“ და რითი შეუძლია დახმარება ბელარუსს.

დენის პუშილინი რუსეთის მიერ დანიშნული მარიონეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, რომელიც სხვადასხვა თანამდებობებს 2014 წლიდან იკავებს.

ელჩის კონსულტაციისთვის გაწვევა ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ სახელმწიფოების ურთიერთობებში არსებობს პრობლემა, რაც ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის ელჩთან კონსულტაციას საჭიროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი