ახალი ამბები

„ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლები უკრაინაში ბავშვებისა და ტყვეების მკვლელობაზე ყვებიან – Gulagu.net

18 აპრილი, 2023 • 788
„ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლები უკრაინაში ბავშვებისა და ტყვეების მკვლელობაზე ყვებიან – Gulagu.net

პროექტმა „გულაგუ.ნეტ“ გამოაქვეყნა ორი ყოფილი მსაჯვრდებულის, აზამატ ულდაროვისა და ალექსეი სავიჩევის ინტერვიუები, რომლებიც უკრაინაში „ვაგნერის“ ჯგუფის შემადგენლობაში იბრძოდნენ. ისინი ბავშვების, ტყვეების და რუსი ჯარისკაცების მკვლელობაზე ყვებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამას უარყოფს.

სავარაუდოდ, ისინი ფრონტზე ევგენი პრიგოჟინის მიერ ციხეებში მსჯავრდებულების რეკრუტირების შედეგად მოხვდნენ და ომში მონაწილეობის სანაცვლოდ პრეზიდენტის შეწყალება მიიღეს. ულდაროვი და სავიჩევი „ვაგნერში“ ხელმძღვანელ თანამდებობზე იყვნენ. თუმცა, „გულაგუ.ნეტ“-ის გარდა, მათ ნაამბობს არცერთი წყარო არ ადასტურებს.

რას ყვებიან ულდაროვი და სავიჩევი

ალექსეი სავიჩევის თანახმად, ციხეებში 30 წელი გაატარა. რაც შეეხება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს, სავიჩევის თქმით, იგი ესწრებოდა 70 ყოფილი მსჯავრდებულის დახვრეტას, რომლებმაც უარი განაცხადეს ბრძანებების შესრულებაზე.

გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ზემდგომი პირების ბრძანებით ორმოში, სადაც იწვნენ მოკლული/დაჭრილი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, 30 ხელყუმბარა ჩააგდო, ხოლო შემდეგ მათ ცხედრებს ბენზინი დაასხა და გადაწვა. იგი აგრეთვე ყვება 10 მოზარდისა და 20 შეუიარაღებელი უკრაინელის მკვლელობისა და საცხოვრებელი სახლის „გაწმენდის“ – ანუ მისი მცხოვრებლების დახოცვის შესახებ.

აზამატ ულდაროვი კი ყვება, რომ სოლედარსა და ბახმუტში ზემდგომთა ბრძანებით ბავშვებს კლავდა.

„გვაძლევდნენ ბრძანებას, გაგვენადგურებინა ყველა… [გოგონა] ხუთი ექვსი წლისაა, მე კი ვესროლე, საკონტროლო“, – ამბობს ულდაროვი.

ორივე მათგანმა აგრეთვე მოყვა „ვაგნერის“ ჯგუფის შიდა სამზარეულოს შესახებ. ულდაროვისა და სავიჩევის განცხადებით, „ვაგნერის“ დანაკარგი საკმაოდ დიდია, ხოლო მებრძოლებს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ან ინფორმაციის გამხელის გამო ემუქრებიან „განულებით“ – ანუ მკვლელობით.

ასევე, ორივე დარწმუნებულია, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებებს ასრულებს და რუსეთში არ გამოიძიებენ ბრძოლის ზონაში ჩადენილ დანაშაულებს.


მოგვიანებით, სამთავრობო სააგენტო „რია ფანმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ულდაროვთან, რომელმაც განაცხადა, რომ „გულაგუ.ნეტ“-ის დამფუძნებლის, ვლადიმირ ოსეჩკინის მხრიდან შანტაჟის გამო ისაუბრა.

ულდაროვი ხაზს უსვამს, რომ მთელი მისი ნაამბობი რეალურად ტყუილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი