ახალი ამბები

„არ შეიძლება, რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი იყოს“ – G7-ის სახელმწიფოები

18 აპრილი, 2023 • 659
„არ შეიძლება, რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი იყოს“ – G7-ის სახელმწიფოები

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი ქვეყნები პირობას დებენ, რომ ერთიანად გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთის ომს უკრაინაში და ჩინეთის მუქარებს ტაივანის წინააღმდეგ.

იაპონიაში ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებენ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ და უფრო მეტ ძალისხმევას გაწევენ მათი აღსრულებისთვის.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შვიდეული“ მხარს დაუჭერს უკრაინას „იქამდე, სანამდე ეს საჭიროა“ და აკრიტიკებენ კრემლს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის და „უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკისთვის“ – ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმების გამო.

„არ შეიძლება, სამხედრო დანაშაულები და სხვა სისასტიკე, როგორიცაა რუსეთის დარტყმები სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუსჯელი იყოს“, – ხაზგასმულია კომუნიკეში.

ამასთან ერთად, კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსული აქტივები კონფლიქტის დარეგულირებამდე გაყინული დარჩება, ხოლო თავად დარეგულირება რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას უნდა გულისხმობდეს.

„დიდი შვიდეულის“ წევრები არიან: კანადა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი