ახალი ამბები

„მიუღებელია“ – ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინიდან იმპორტის შეჩერებაზე

16 აპრილი, 2023 • 1780
„მიუღებელია“ – ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინიდან იმპორტის შეჩერებაზე

ევროკომისია მიუღებლად მიიჩნევს პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებას უკრაინიდან დროებით შეაჩეროს იმპორტი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისია გაეცნო განცხადებებს უნგრეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილების შესახებ და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის შიგნით „ცალმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია,“

„ასეთ რთულ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტის კოორდინირება და შეთანხმება“

15 აპრილს პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინიდან ხორბლისა და სხვა პროდუქტების, მათ შორის, თაფლის, იმპორტს შეაჩერებდა. პოლონეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ფერმერების დასაცავად მიიღო, რომლებსაც უკრაინიდან იმპორტის ზრდის ხარჯზე შემოსავალი შეუმცირდათ.

„ჩვენ კვლავ ვრჩებით უკრაინის ურყევ მეგობრად და პარტნიორად. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. მაგრამ ყველა ქვეყნის, ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები დაიცვას,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და პოლონეთის მმართველი გუნდის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ.

ამ გადაწყვეტილებას მალევე შეუერთდა უნგრეთიც და არგუმენტად ასევე ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. ქვეყნები ამბობენ, რომ იმპორტის აკრძალვა 30 ივნისამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი