ახალი ამბები

ფული გადაიხადეს, მაგრამ ბინები არ ჩააბარეს — 300-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

13 აპრილი, 2023 • 3666
ფული გადაიხადეს, მაგრამ ბინები არ ჩააბარეს — 300-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

ავტორი: ლიზა ბულია

დეველოპერული კომპანია „ათორის“ მიერ დაზარალებული 300-მდე ოჯახი უკვე მეოთხე წელია სახელმწიფოსგან დახმარებას და საკუთარი ბინების გადმოცემას ითხოვს.

სამშენებლო კომპანია „ათორმა“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა უბანში 2012 წლიდან დაიწყო, მის მფლობელობაშია 9 დასრულებელი და 2 დაუსრულებელი კორპუსი.

დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ თხელიძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და უკვე მესამე წელია, პატიმრობაშია. სასამართლოზე მან სრულად აღიარა ბრალი, რაც გულისხმობს ბინების მრავალჯერადად გასხვისებასა და მესაკუთრეთა ფართების იპოთეკით დატვირთვის შედეგად თანხების მითვისებას. კომპანიამ 300-მდე ოჯახი დააზარალა, საერთო ზარალი კი 17 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

დაზარალებულები მერიასთან პერმამენტულ აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, მერიამ გამოუყოს მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი დეველოპერი კორპუსებს ააშენებს და მათ გადასცემს ბინებს, რომელიც „ათორს“ უნდა აეშენებინა.

ერთ-ერთი დაზარალებული გვიყვება, რომ როცა ბინის ყიდვა გადაწყვიტა, იმ დროისთვის კომპანია კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, აშენებდა მაღალი ხარისხით, დასრულებულ ბინებს დათქმულ ვადაში აბარებდა, ჰქონდა კარგი პირობები და ბინის მფლობელებს საკუთრების გაქირავებაშიც ეხმარებოდა. შესაბამისად, როგორც ის ამბობს, კომპანიამ მოიპოვა ხალხის ნდობა.

დაზარალებულის ცნობით, სამშენებლო კომპანიამ დაახლოებით 5 წელი გამართულად და პროდუქტიულად იმუშავა, თუმცა 2017 წლიდან კომპანიიის დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა ბესიკ თხელიძემ მშენებარე კორპუსებში ბინების მრავალჯერადად გაყიდვა დაიწყო. არის ბინები, რომელსაც 3, ან 4 მეპატრონე ყავს. საერთო ზარალი 17 მილიონი აშშ დოლარს აღწევს. 

„ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში გავაფორმე. კომპანიის დირექტორი შემპირდა, რომ ბინაში ერთ წელში შევიდოდი. დაახლოებით სექტემბრიდან გამიჩნდა ეჭვები და როცა ოფისსში მივედი, დაზარალებულების არმია დამხვდა. ბესიკ თხელიძე ზარებზე აღარ გვპასუხობდა, იმალებოდა. საბოლოოდ, 40-კაციანი ჯგუფი შევიკრიბეთ და პროკურატურას მივმართეთ. რამდნეიმე კვირაში ის დააკავეს, მესამე წელია, სასჯელს იხდის“, — ეუბნება ნეტგაზეთს ერთ-ერთი დაზარალებული. 

დაზარალებულები პროკურატურას ზედაპირულ გამოძიებაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად, მაგრამ ხარვეზებით ჩატარდა. როგორც ისინი ამბობენ, პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებს მოთხოვნით „ათორის“ თანამშრომლების თითქმის 80%-მა მიმართა, რამაც დიდი ეჭვი გააჩინა დაზარალებულ მენაშენეებში.

დაზარალებულთა თქმით, „ათორის“ მთელი ქონება თხელიძის ადვოკატის დახმარებით „მისივე თანამშრომლებისა და სხვა საეჭვო პირების ხელში გადავიდა“.

„ადრე თუ გვიან ეს შედეგი მაინც დაუდგებოდა“

Ბესიკ თხელიძის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ კომპანიის დირექტორი სამივე ინსტაციაში თაღლითობის მუხლით არის გასამართლებული, მან ბრალი აღიარა და მიესაჯა პატიმრობა 7.5 წლის ვადით.

ადვოკატი განმარტავს, რომ კომპანია „ათორის“ დირექტორს იმაზე 2.8-ჯერ მეტი კრედიტორი ჰყავს, ვიდრე მას, მშენებლობებიდან გამომდინარე, რეალურად უნდა ჰყოლოდა. მისივე თქმით, თხელიძეს ჰქონდა მოლოდინები, რომ სხვა მშენებლობების ხარჯზე ყველას გადასცემდა კუთვნილ ბინას, თუმცა ამ კორპუსების მშენებლობა მან ვერ მოახერხა და დადგა ეს შედეგი:

„მენეჯმენტი იმდენად არასწორი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან ეს შედეგი მაინც დაუდგებოდა. როცა ოფისსში მივედი საქმის დეტალების შესასწავლად, აღმოჩნდა, რომ მას არც ბუღალტერი ჰყავდა და არც იურისტი, ყველაფერი თავად ყოფილა ამ კომპანიაში. ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, დაზარალებულების ჯგუფთან ერთად მომიწია.“

დაზარალებულების ბრალდებას, რომ ბესიკ თხელიძემ და მასთან დაახლოებულმა პირებმა დაზარალებულ მენაშენეთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდეს და „ათორის’“ ქონება დაისაკუთრეს , ადვოკატი უარყოფს. მისი განმარტებით, ეს ეჭვები გამოიწვია ზარალის პირველი და საბოლოო დათვლის დროს რიცხვების ცდომილებამ:

„პირველად როცა მივედი და დავთვალე ზარალი, იყო 17 000 მ² ფართის ჩაბარების ვალდებულება. შემდეგ, როცა დაზარალებულებთან ერთად დავითავლე ზარალი, მათ მიერ მოტანილი ხელშეკრულებების და აქტების გათვალისწინებით, ზარალი 21 000 მ²-მდე ავიდა. სწორედ ამიტომ იძახიან, რომ ზარალი ხელოვნურად გაიზრადა, თუმცა ყველა ხელშეკრულება არის ავთენტური.”

ადვოკატი გვიდასტურებს იმასაც, რომ რამდენიმე თანამშრომელს პროკურატურამ გამოძიების შდეგად მართლაც მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, რადგან ისინი ფლობენ ბინებს „ათორში“:

„იყო შემთვევები, როცა ბესიკ თხელიძე  თანამშრომლებს საკუთარ ქონებას იპოთეკით ატვირთინებდა, გაცემულ თანხას კომპანიისთვის მოიხმარდა და თუ თანხას ვერ ისტუმრებდა, სანაცვლოდ ბინას აძლევდა „ათორში“. სწორედ ასეთ შემთხვევებზეა საუბარი.“

ადვოკატი დიმიტრი ტორაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში დაზარალებულების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება მერიას ეკისრება, რადგან კომპანიას ამის რესურსი არ აქვს. მისივე თქმით, „ათორის“ მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებები მილიონობით ლარს აღწევს,  შესაბამისად, დაზარალებულებმა „თავადაც იციან, რომ კომპანია მათ დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს.“

რას აპირებს თბილისის მერია      

დაზარალებულები უკვე მეოთხე წელია, მოლაპარკებებს მართავენ მერიაში, თუმცა, უშედეგოდ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა.

 „3 წელია გვპირდებიან, რომ ჩვენს პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა ეს უბრალო დაპირებებია, რეალურად, საქმე არ კეთება“, — მიიჩნევენ დაზარალებულები.

ისინი ითხოვენ მიწის გამოყოფას, ახალი დეველოპერი კორპუსებს ააშენებს და მათ ბინებს გადასცემს. როგორც ამბობენ, მერიამ მათ თავდაპირველად მიწა გლდანში გამოუყო. დაზარალებულებმა დეველოპერი თავად მოიძიეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მიწა პრობლემური იყო, რადგან იქ დევნილები ცხოვრობდნენ.

„ათორის“ დაზარალებულთა თქმით, ინვესტორი თანახმა იყო, როგორც მათთვის, ასევე დევნილებისთვის, მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და ბინები გადაეცა, თუმცა მერიამ მიწის გადაცემაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ მათ სხვა ნაკვეთი ვაშლიჯვარში შესთავაზა. თუმცა აღნიშული მიწა, მათივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. 

„3 წელია გვპირდებიან, რომ ყველაფერს გაგვიკეთებენ, ქალაქის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ გადმოგვცეს ეს მიწა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ თუ სახლემწიფოს სურვილია, ასეთი მიწები საკმაოდ სწრაფად გადის მთავრობის სხდომაზე და ძალიან მალევე გადადის მერიის ბალანსზე პრობლემის მოგვარებისთვის“, — მიიჩნევენ დაზარალებულები. 

თბილისის მერიაში 2019 წელს შეიქმნა დაუმთავრებელი მშენებლობების კომისია, რომელიც სწორედ  მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. 

„კომისია გვეუბნება, რომ ჩვენი მშენებლობა 2013 წლამდე არ არისო დაწყებული, ამიტომ გვიჭირს ამ პროექტში თქვენი ჩართვაო. ძლიან შაბლონურ პასუხებს გვცემენ და ამბობენ, რომ განსაკუთრებული გამონაკლისის სახით განიხილავენ ჩვენს შემთხვევას, არასდროს არ დადგა ამ გამონაკლისის შედეგი“, —ამბობს  ერთ-ერთი დაზარალებული ნეგაზეთთან. 

Მერიის წარმომადგნლები ნეტგაზეთთან’ აცხადებენ, რომ დაუსრულებელი მშენებლოებების დასრულებისა და მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისთვის დედაქალაქში შესაბამისი ღონისძიებებია დაწყებული.

მერიისვე განმარტებით, დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული.

როგორც მერია აცხადებს, დაუმთავრებელი მშენებლობების კომისია პერიოდულად აწყობს სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან. კომისია და მერია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მხარდამჭერ ღონისძიებებს განსაზღვრავს კონკრეტული დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტის ფარგლებში დაზარალებულ პირთა და/ან ინვესტორის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. 

„კომისია არ მონაწილეობს დაზარალებულთა მიერ ინვესტორის მოძიების  ან დაზარალებულთა და ინვესტორს შორის მოლაპარაკების პროცესში. დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების  ინიციატივით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს  საპროექტო წინადადების განხილვა სხვადასხვა  ინვესტორთან“, — აცხადებენ მერიაში.

უწყებაში ასევე უპასუხეს ბრალდებებს გლდანსა და ვაშლიჯავრში არსებული ნაკვეთების არგადაცემასთან დაკავშირებითაც.

„მერიას არ შეუთავაზებია მუნიციპალური მიწა დაზარალებულებისთვის, გლდანის მიწასთან დაკავშირებით საპროექტო წინადადების მონახაზი წარმოადგინა ერთ-ერთმა საინვესტიციო კომპანიამ. აღნიშნულ მიწაზე ვერ ხდება სამშენებლო განვითარება სხვადასხვა მიზეზით.

რაც შეეხება ვაშლიჯვრის ნაკვეთს, აღნიშნული მიწა არის ერთ-ერთი საინვესტიციო წინადადების ფარგლებში წარმოდგენილი და არა — მერიის შეთავაზება. მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. როგორც კი დასრულდება მოკვლევა, დაზარალებულებს მივაწვდით ინფორმაციას”, — აცხადებენ მერიაში. 

მათივე განმარტებით, „მშენებელთა არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო დაზარალებულთა მიმართ ფართის სახით გასაცემი  და ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, „ათორის“  საკითხი არის რთული და  მოცულობითი. მერია მაქსიმალურად ცდილობს, დროულად და დაზარალებულთა მაქსიმალური ინტერესების დაცვით გადაწყდეს აღნიშნული საკითხი.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი