ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მძღოლი პოლიციას გაექცა შემდეგ კი მისი მანქანა მოცურდა და გადაბრუნდა

13 აპრილი, 2023 • 1585
შსს-ს ცნობით, მძღოლი პოლიციას გაექცა შემდეგ კი მისი მანქანა მოცურდა და გადაბრუნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.- მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული – სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მძღოლი სამართალდამცველების მოწოდებას არ დაემორჩილა, გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა:

„ა.ბ.- მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი“ – აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს:

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი