საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად საქართველოში პატიმრობაშია, ლეხ კაჩინსკის სახელობის “პრომეთეს” ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა პოლონეთში და მას სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ასევე, ენმ-ის წევრები ესწრებოდნენ.
“ჟიურის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს მეგობრობისა და იდეალებისადმი ერთგულებისთვის. ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მას სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ პოლონეთში ან სხვა ქვეყანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა ეს მოხდეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დაჯილდოების ცერემონიალზე. ის ამ ჯილდოს ჟიურის წევრია მისი დაარსების დღიდან.
მიხეილ სააკაშვილის გარდა, “პრომეთეს” პრიზით დღეს პოლონეთში დააჯილდოვეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იაცეკ სასინი.
2019 წელს ლეხ კაჩინსკის სახელობის სპეციალური “პრომეთეს” ჯილდო პირველად გაიცა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მიიღო.
12 აპრილს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს დუდა არ დასწრებია, თუმცა წაიკითხეს მისი მიმართვა. თავის მიმართვაში პრეზიდენტი დუდა ულოცავს კაჩინსკის ჯილდოს წლევანდელ გამარჯვებულებს და მადლობას უხდის პრესტიჟული ჯილდოს დამფუძნებლებსა და ჟიურის წევრებს. ასევე საუბრობს ლეხ კაჩინსკის წვლილზე.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 2010 წელს დაიღუპა მეუღლესთან ერთად ავიაკატასტროფაში. ის ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა თბილისში საქართველოს მხარდასაჭერად.