დღეს, 12 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.

ვენეციის კომისიის დასკვნის გამო მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს.

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ეს ფუნქცია ანტიკორუფციული ბიუროს შეეთავსებინა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

ოხანაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო იქნება არაპოტილიზირებული უწყება და მაქსიმალურად დაცლილი პოლიტიკისგან.

თავის მხრივ, ანტიკორუფციულ ბიურო 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი შესარჩევი კონკურსის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დანიშნა.

„შემოგვაქვს მექანიზმი, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობასთან ან არცნობასთან დაკავშირებით ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, ანუ გასაჩივრდება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. თუკი პირი ცნობილია ოლიგარქად და ის ასაჩივრებს ამას, მის შესახებ გადაწყვეტილება არ შევა ძალაში, სანამ არ დასრულდება სამართალწარმოება. ესეც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ არ მოხდეს იარლიყის მიწებება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემები, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული.

აქედან გამომდინარე, ოლიგარქთა რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ოლიგარქად ცნობილი პირის გვარი და სახელი, კონტაქტის დეკლარაცია და მითითება იმის შესახებ, რომ პირის ოლიგარქად ცნობა და რეესტრში შეყვანა თავისთავად არ მოწმობს, რომ ეს პირი დამნაშავეა ან სხვა სახის სამართალდამრღვევია.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც უკავშირდებოდა უმწიკვლო საქმიან რეპუტაციას.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და დემონსტარციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.

„სამართლებრივი შედეგი პირის ოლიგარქად ცნობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო დაფინანსების აკრძალვა. აქ ვენეციის კომისიამ უფლებების შელახვის შესაძლო რისკები დაინახა, რომ ოლიგარქებს თუ აეკრძალებოდათ საარჩევნო კამპანიების, დემონსტრაციების დაფინანსება, ამას შეიძლება გაუმართლებლად შეეზღუდა უფლება. შესაბამისად, ეს საკითხი საერთოდ ამოვიღეთ. პირი თუ იქნება ოლიგარქად ცნობილი, მას შეეძლება შესაბამისი დაფინანსების განხორციელება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ოლიგარქად ცნობილი და რეესტრში შეყვანილი პირისთვის ერთადერთ აკრძალვად დარჩა – პრივატიზების ობიექტის პრივატიზების პროცესში მყიდველად მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ოლიგარქად ცნობილი პირი ობიექტის პრივატიზების პროცესში მყიდველად მიიღებს მონაწილეობას, ის დაჯარიმდება ობიექტის შესასყიდად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით.

ოხანაშვილის თქმით, დაზუსტდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმიც. მისი თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი, თუ ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის ან პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარლამენტის, მთავრობის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობთი ორგანოს, მთავრობის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პირის სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე განწესებული პირი. ასევე, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი ან პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელი ან მაკონტროლებელი ორგანოს წევრი. ასევე, თუკი ესაა პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილედ ჩაითვლება პირი, თუ მან ბოლო 1 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიისთვის გაიღო 30 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა.

„აქაც ჩვენ არ შეგვიზღუდავს, შეიძლება გაიღოს შემოწირულობა, ეს პრობლემას არ შექმნის, თუმცა პოლიტიკაში მონაწილედ ჩაითვლება, თუ მან 30 ათასზე მეტი გაიღო. იცით, რომ ზოგადად 60 ათასი ლარი არის ფიზიკური პირის შემთხვევაში, 120 ათასი – იურიდიული პირის შემთხვევაში და აქაც ავიღეთ შერეული ვერსია, რომ რა შემთხვევაში შეიძლება მონაწილეობდეს პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად მიიჩნევა, თუკი პირმა ბოლოს ჩატარებულ საერთო ან შუალედურ არჩევნებში სუბიექტის კამპანიის ხარჯების დასაფინანსებლად გაიღო 30 ათას ლარზე მეტი. ასევე, „თუ არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება“, რომლითაც დასტურდება, რომ იგი პოლიტიკაში მონაწილეობდა.

ოხანაშვილის თქმით, ასევე დაზუსტდა მედიამომსახურებაზე გავლენის მოხდენის კრიტერიუმები.

„მედიამომსახურებაზე გავლენის მოახდენის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი, თუ იგი არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან რადიომაუწყებლის წილის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე; იგი არის წილის არაპირდაპირი მფლობელი და არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში მედიაზე გავლენას ახდენდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ კანონპროექტიც განიხილა, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა.


ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

კომისია საკუთარ მოსაზრებაში ორ მიდგომას გამოყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი, დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა იყოს მედიის მფლობელობა, სიმდიდრე და ა.შ. და მიზნად ისახავს მათი გავლენის შემცირებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი მოდელი აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და მყარი გარანტიების გარეშე, შესაძლოა დაირღვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

ამრიგად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის უპირატესობას ანიჭებს უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსაზრებით პერსონალური მიდგომა ზოგადად პრობლემურია, არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.