ხელოვანთა გაერთიანება “კონცეპტArt”-ის დამფუძნებელმა, თეონა ჯორბენაძემ POSTV-ის თანამშრომელ ლაშა ბასლანძის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა. საქმე ეხება ლაშა ბასლანძის ფეისბუკ სტატუსს, სადაც ჯორბენაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“შვილებს ეუბნები თეონა, რომ ჰიტლერის შთამომავალი ხარ? დაგველოდე მწარედ უნდა მოგადოთ”.

აღნიშნული მიმართვა ლაშა ბასლანძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თეონა ჯორბენაძემ POSTV-ის დამფუძნებელ შალვა რამიშვილის შესახებ კრიტიკული პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ მისთვის POSTV-სთან თანამშრომლობა “წითელი ხაზია”:
“მივმართავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, არტისტებს. როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ასეთი რა გაჭირვებაა, რომ სტუმრად დადიხართ გადაცემებში POSTV-ზე, რომლის ეთერიდან თქვენს კოლეგებს ასე გულისამრევად ამცირებენ, დასცინიან, ცილს სწამებენ? […]
გუშინ მათი დავალება იყო პაატა ბურჭულაძის, თამრიკო ჭოხონელიძის და მერაბ სეფაშვილის დისკრედიტაცია, ხვალ თქვენი პოზიცია არ მოუვათ თვალში და აუცილებლად მოგდგებიან. არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, ვისაც ჩვენს შემოქმედებით გუნდთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გაქვთ, იცოდეთ, რომ ეს წითელი ხაზია და არჩევანი თქვენთვის მომინდვია”, – წერდა თეონა ჯორბენაძე.
ლაშა ბასლანძის პოსტის შემდეგ კი თეონა ჯორბენაძემ განაცხადა, რომ მის მიმართ საჯარო მუქარები გაჩნდა და მიიღო კიდევ ერთი მუქარა, თუმცა ამჯერად “კონცეპტArt”-ის გუნდის მიმართ და აღნიშნა, რომ პოლიციისთვის მიმართვას გეგმავდა. დღეს კი ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ბასლანძესთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება დაწერა:
“გუშინ, როგორც იცით, დავწერე განცხადება პოლიციის განყოფილებაში და წესით „მწარედ რომ უნდა მომადოს“ და რომ ჰგონია ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ჩახუტებული ფოტოები ამაში დაეხმარება, დღეს პოლიციასთან ჩასახუტებლად მიიწვევენ”, – წერს ჯორბენაძე.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, თეონა ჯორბენაძის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკვლევა დაიწყო.
დამატებითი დეტალების გასარკვევად ნეტგაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვიანებით შეგვატყობინებენ. ახალი ცნობის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
თავად ლაშა ბასლანძემ დაწერა, რომ ის არა ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ “მოდებას” გულისხმობს.








