ნორმებს, რის საფუძველზეც ხაზარაძე-ჯაფარიძე გაამტყუნეს, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ძირითადი საქმე გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოშიც. საკონსტიტუციო სასამართლოში კი, ადვოკატ ზვიად კორძაძის განმარტებით, გასაჩივრდება სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმების კონსტიტუციურობა, რომელიც ეხება ხანდაზმულობას და ბრალის გადაკვალიფიცირებას.
„საზოგადოებამ კარგად იცის იმ დევნის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ჩემი და მამუკა ჯაფარიძის მიმართ უკვე 4 წელიწადია. ეს პოლიტიკური დევნა დაკვეთილი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიერ და განხორციელდა პროკურატურის და სასამართლოს მეშვეობით. დღეისთვის ნათელია, როგორ უმსგავსოდ მიიღება გადაწყვეტილებები იმ კლანის მიერ, რომელიც სანქცირებული იქნა აშშ-ის მიერ. სწორედ ეს კორუმპირებული კლანი იდგა იმ სასამართლო გადაწყვეტილების უკან, რომელიც მიღებულ იქნა ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაპირებთ გავაჩეროთ ბრძოლა და ვაპირებთ, ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო არის სრულად დაქვემდებარებული“, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია ის, რომ სისხლის სამართლის მთელი საქმე კანონის და კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენდა.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ სარჩელით კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გავხადოთ, რამდენად სამარცხვინო იყო ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ და შემდგომ „ქართული ოცნების“ მიერ, როდესაც მათ მანდატი შემიწყვიტეს. ამიტომ ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ სრულად განადგურდება ეს უსაფუძვლო ბრალდება და ჩვენი რეპუტაციის წინააღმდეგ კამპანია მთლიანად არ იქნება ფარდაახდილი“, — დასძინა ჯაფარიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებული მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სამივე მათგანს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.
თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.
მოსამართლის თქმით, სამივე პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას — ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით — ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
მოსამართლემ ასევე გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ არც ბრალდებულები და არც — პროკურატურა. ბრალდებულების თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები და ითხოვდნენ სრულ გამართლებას. თავის მხრივ, პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება მალევე გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოსგან მათთვის პატიმრობა მოითხოვა.