ექვსი საზოგადოებრივი ორგანიზაცია აშშ-ის მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას გადადგომას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისა და სამივე მოქმედი მოსამართლის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება მათ დრეს, 6 აპრილს გაავრცელეს.
განცხადებას ხელს აწერენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), სამოქალაქო იდეა, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი და დემოკრატიის ინდექსი.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს – გარდა იმისა, რომ სასამართლო კლანის ხელში კონსოლიდირებული ძალაუფლება ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კლანის მხარდაჭერა სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხია”, – განმარტებულია განცხადებაში.
ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებაზე დაყრდნობით, აუცილებელია სრული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება. ასევე, სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ფაქტების და სხვა სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, ისინი პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ.