ახალი ამბები

თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ინგრევა

18 ივნისი, 2010 • 1470
თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ინგრევა
თაბუკაშვილის ქუჩაზე #25–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი  ინგრევა. ცხრა ოჯახის  ევაკუაცია დილის 10 საათზე განხორციელდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. ისინი ცდილობენ, საცხოვრებელი სახლი გაამაგრონ, რათა მოსახლეობამ სახლიდან საჭირო ნივთები გამოიტანოს. სახლი გამაგრებას აღარ ექვემდებარება.
დილით, დაახლოებით 10 საათზე, თაბუკაშვილის ქუჩის # 25– ში მცხოვრებ მოსახლეობას მუშებმა შეატყობინეს, რომ მათი საცხოვრებელი სახლის ერთმა ნაწილმა ნგრევა დაიწყო. მაცხოვრებლებმა სასწრაფოდ დატოვეს სახლები, ისე, რომ სახლიდან არაფერი წამოუღიათ.  სახლის ერთ–ერთი ბინადარი, ციცი ჩხაიძე ამბობს: ,,დილით მუშები მუშაობდნენ სახურავზე. ამ დროს კედლებმა დაიწყეს ზანზარი, ჩვენ გამოვედით და კედელიც ჩამოგვყვა“. 
ამ წუთებში თაბუკაშვილის ქუჩაზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სამსახურის უფროსი, თემურ გრიგალაშვილი ამბობს, რომ სახლი ავარიულია და იქ შესვლა აღარ შეიძლება, ვინაიდან სახლის ნაწილის ნგრევა უკვე დაწყებულია.
,,ერთადერთი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ის არის, რომ სახლი რამენაირად ისე გავამაგროთ, რომ ხალხმა ნივთების გამოტანა შეძლოს. ამის შემდეგ გამგეობა სახლის დემონტაჟს დაიწყებს, ვინაიდან აქ ცხოვრება შეუძლებელია“,– ამბობს გრიგალაშვილი.
ადგილზე ძველი თბილისის გამგებელი, დავით ავალიანიც იმყოფება. ,,ნეტგაზეთთან“ საუბარში ის ამბობს, რომ გამგეობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებს უქირავებს, მანამ, სანამ მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ერთი ბინის დაქირავებისათვის ძველი თბილისის გამგეობა 300 ლარს გამოყოფს. 
,,აქვე ახლოს მოვძებნეთ ბინები, სადაც ისინი ამაღამ  გაათენებენ. შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ,,ძველი თბილისის ახალ პროექტის“ მესამე ეტაპში“,– განმარტავს გამგებელი.
სახლი, რომელიც ინგრევა 1914 წელს აშენდა. მოსახლეობა ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში და პირველ სართულზე წყალი სულ მუდამ დგებოდა. პირველი სართულზე ერთი ოთახი გაუქმებული იყო იმის გამო, რომ იატაკი სულ დალპა.  გამგებელმა, დავით ავალიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ სახლში კომუნიკაციები გამოცვალეს, ასევე სახურავის შეკეთება დაიწყეს და დაგეგმილი იყო ბინის გამაგრებაც, თუმცა, ეს ვეღარ მოესწრო.
ბინის ერთ–ერთი მაცხოვრებელი ქრისტინე ჯიბლაძე კი განმარტავს,  რომ წყალგაყვანილობის გამოცვლა გამგეობამ ვეღარ
მოასწრო. პირველ ეტაპზე მუშებმა სახურავის შეკეთება დაიწყეს, რამაც, მისი აზრით, კიდევ უფრო დააჩქარა კედლების ნგრევა.
,,სახლს ჯერ ძველი სახურავი ახსნეს და ფიცრების გამოცვლა დაიწყეს, ამასობაში ბევრგან წვიმა ჩამოვიდა. მერე, რომ გადახურეს, იმდენი ნაგავი დაგროვდა ამ კედლებში და სახურავში, რომ ეს ნაგავი წყლისაგან გაფუვდა და ამან გამოიწვია კედლების გადახსნა. შემდეგ კი, რომ დააჯახუნეს ჩაქუჩები და მთლიანად დაიწყეს გადახურვა, ამან საერთოდ დააჩქარა ნგრევა“, – ამბობს ჯიბლაძე. 
მოსახლეობა ამბობს, რომ 30 წელია ბინა წითელ ზონაშია. ,,ბევრი ინვესტორი მოვიდა, მაგრამ მერიამ განაცხადა, რომ ეს ძეგლიაო და არავინ არ გააკარეს ბინას. დაახლოებით 8 წელია, ინვესტორები მოდიან“,– ამბობს ჯიბლაძე.
ციცი ჩხაიძე 30 წელიწადზე მეტია, რაც ამ ბინაში ცხოვრობს. ჩხაიძე ამბობს, რომ დიდი ხნის წინათ, გამაგრების მიზნით,
სახლი რელსებით შეკრეს, თუმცა მას მერე აღარ გაუმაგრებიათ. 
ამ წუთებში ცხრავე ოჯახი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით ისინი ბინებში არ გადაუყვანიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი