ახალი ამბები

პრორუსული აქტორები: თბილისმა პასუხი უნდა მოჰკითხოს აშშ-ს

6 აპრილი, 2023 • 2294
პრორუსული აქტორები: თბილისმა პასუხი უნდა მოჰკითხოს აშშ-ს

პრორუსული ჯგუფები მიიჩნევენ, რომ თბილისმა „პასუხი უნდა მოჰკითხოს“ აშშ-ს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გამო.

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, გამოიწვიონ ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო თბილისში აშშ-ის საელჩოს შემადგენლობა ქვეყნიდან გააძევონ.

„ვერც „ქართული ოცნების“ ადვოკატად გამოვდგები და მით უმეტეს, ვერც მურუსიძე, ჩინჩალაძისა და სხვების, მაგრამ ბევრი რამ მომწონს თუ არა, ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა! გუშინ, თავისი გადაწყვეტილებით ამერიკის „გოსდეპმა“ და ბლინკენმა, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს ჩვენს ქვეყანას. სასწრაფოდ უნდა გამოიწვიოთ საქართველოს ელჩი აშშ-იდან და ჩვენი ქვეყნიდან აშშ-ის ელჩის და მთელი მისი „სტაფის“ დეპორტაცია მოახდინოთ. ერთხელ მაინც ანახეთ ყველას, რომ შეგიძლიათ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა“, — წერს მორგოშია.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კელი დეგნანმა „დიპლომატიური პირუტყვობის მასტერკლასი აჩვენა“.

„აშშ-ის საელჩოდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზეწოლის ფაქტს თავის დროზე სწორი სამართლებრივი და დიპლომატიურ-პოლიტიკური შეფასება რომ მისცემოდა ჩვენი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მხრიდან, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ უპრეცედენტო დემარშს მათივე ლუსტრაციის ხასიათი ექნებოდა! ახლა კი ფაქტია, სანამ ახალი ელჩის, მისის დანიგენის უფლებამოსილებას ცნობს ჩვენი ხელისუფლება, უბრალოდ ვალდებული იქნება მოჰკითხოს მას პასუხი საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე მიყენებული უმძიმესი დარტყმის გამო და მხოლოდ ამის მერე იფიქროს მისთვის აგრემანის მიცემაზე“, — აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უფლებამოსილების ვადა ეწურება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის შემცვლელად რობინ დანიგენის კანდიდატურა წარადგინა.

5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული შეაფასა სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად.

მასალების გადაბეჭდვის წესი