ახალი ამბები

ლელო მოსამართლეების სანქცირებაზე: სიგნალია ივანიშვილისთვის

5 აპრილი, 2023 • 1066
ლელო მოსამართლეების სანქცირებაზე: სიგნალია ივანიშვილისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 გავლენიანი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებას მიესალმება „ლელო“ და აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი საბოლოო განაჩენია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ივანიშვილისთვის კი სიგნალი, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად ამოიწურა ნდობის მანდატი „ქართული ოცნების“ მიმართ:

„ლელო მიესალმება აშშ-ის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას. აშშ-ის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სიგნალი ივანიშვილისთვის, რაც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა ნდობის მანდატი „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი.

საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია აგრეთვე იმისა, რომ „დეოლიგარქიზაცია“ დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მართული კლანებისაგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგა:

„ლელო განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში ჩვენ სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით 2021 წლის გაზაფხულზე სწორედ „ლელო საქართველოსთვის“ გამოვიდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს“, — აცხადებენ პარტიაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ე.წ. კლანის წევრ ქართველ მოსამართლეებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, — ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

„ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი