რუსეთის ფედერაციის სასამართლომ დააჯარიმა ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებელი, რომელმაც თბილისში, ომის საწინააღმდეგო პროტესტში მიიღო მონაწილეობა.
მარტის ბოლოს პროცესი ჩატარდა ვლადიმირ ზაგალოვის დაუსწრებლად, რადგან 2022 წლის სექტემბრიდან კაცი საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს.
როგორც “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი გამოცემა “კავკაზ რეალიი” წერს, სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ აღმოაჩინა ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთზე ჩანს ომის საწინააღმდეგო პროტესტი თბილისში, რუსეთიდან ემიგრირებული მოქალაქეების მონაწილეობით.
ერთ-ერთ სურათზე თავად ვლადიმირ ზაგალოვიც ჩანს პლაკატით “შეწყვიტეთ ომი და ძალადობა”. ხსენებული ფოტოები ზაგალოვმა რუსულ სოციალურ ქსელში “ვკონტაქტზე”, თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
მედიის თანახმად, მოზდოკის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ზაგალოვი 30 000 რუბლით დააჯარიმა. ის “რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში” დაადანაშაულეს.
“სასამართლომ ზაგალოვის საქმეში შემამსუბუქებელი გარემოებები ვერ დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც მასზეა დამოკიდებული”, – წერს გამოცემა “კავკაზსკი უზელ”.
1 წელზე მეტია, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
ომის დაწყების შემდეგ პუტინის რეჟიმმა მეტად გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა. მიიღეს დრაკონული კანონები, რომლებიც ჯარიმებითა და პატიმრობით ემუქრება ნებისმიერ მედიასაშუალებასა თუ მოქალაქეს, თუ ისინი ომს გააკრიტიკებენ ან მის შესახებ კრემლისგან განსხვავებულ ვერსიას გაავრცელებენ.
OVD Info-ს მიხედვით, ომისა თუ სამხედრო მობილიზაციის საწინააღმდეგო პროტესტის გამო, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, 19 600-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.