ახალი ამბები

გამოხატულია მძიმე სარკოპენია, კუნთების მასის შემცირება — ომბუდსმენის კონსილიუმი

4 აპრილი, 2023 • 3325
გამოხატულია მძიმე სარკოპენია, კუნთების მასის შემცირება — ომბუდსმენის კონსილიუმი

სახალხო დამცველის აპარატი ექიმთა ჯგუფის შეფასებას ავრცელებს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ექსპერტების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა 19 თებერვლის (წინა ვიზიტი) შემდეგ დამძიმდა და გამოხატულია მძიმე სარკოპენია, რაც კუნთის მასის შემცირებას და მისი ფუნქციის დაქვეითებას გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა კიდევ 4 კილოგრამი დაიკლო კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე და სისუსტის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული.

ამასთან, კონსილიუმის წევრი ექიმები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს წამოდგომისას აღენიშნება წნევის ძლიერი ვარდნა (120/90-იდან 78/40-მდე), რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შესამჩნევია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია.

გამომდინარე აქედან, ექსპერტებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს აღენიშნება:

  • სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია.
  •  ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

რაც შეეხება რისკებსა და პროგნოზებს, კონსილიუმის წევრი ექიმები აცხადებენ, რომ  პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.

კერძოდ, ექსპერტები აცხადებენ, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. კონსილიუმის განცხადებით, სააკაშვილისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, ექსპერტების თქმით, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ. ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.

შეხვედრა, რომელსაც კონსილიუმის შეფასება ეფუძნება, 2 აპრილს კლინიკა „ვივამედში“ შედგა. ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი და ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი, თუმცა არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი