ახალი ამბები

სამშენებელო ნებართვის მისაღებად გამწვანების კომპონენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება სავალდებულო

4 აპრილი, 2023 • 825
სამშენებელო ნებართვის მისაღებად გამწვანების კომპონენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება სავალდებულო

2024 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშენებელო ნებართვისთვის სავალდებულო გახდება გამწვანების კომპონენტი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დღეს, 4 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე, მწვანე ნარგავების გაშენების,  ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება.

მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა წარმატებით ხორციელდება თბილისში 2019 წლიდან და მისი დადებითი შედეგები უკვე სახეზეა.

კანონპროექტის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იარსებებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ.

„დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის, არსებობა სავალდებულო გახდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით კანონპროექტი ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოსური განაშენიანების პრევენციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი