ახალი ამბები

ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი ბრძოლის დამსახურება იქნება – ზურაბიშვილი უკრაინელებს

3 აპრილი, 2023 • 2182
ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი ბრძოლის დამსახურება იქნება – ზურაბიშვილი უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას უკრაინის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო ამ ეტაპზე ლიეტუვაში იმყოფებიან. ზურაბიშვილმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ დღეს  უკრაინა საერთო ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში ზურაბიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარემ. შეხვედრა კათედრალის მოედანზე ჩატარდა, რათა პატივი მიეგოთ  ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთათვის.

,,მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა, ეს მომენტი თქვენთან ერთად გამეზიარებინა და თქვენამდე მომეტანა ქართველი ხალხის სოლიდარობა.

რამდენიმე დღის წინ, სხვა ლიდერებთან ერთად, ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში დისტანციურად მივიღე მონაწილეობა, რადგან იმ დროს საპარლამენტო გამოსვლა მქონდა, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ბუჩის ტრაგედიაში დაღუპულების ხსოვნას, რომელიც ყველა იმ ტრაგედიის სიმბოლოა, რასაც დღეს უკრაინა განიცდის.

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიეტუვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება.

ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას.

დიდება უკრაინას!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ ლიეტუვაში ამ ეტაპზე მცხოვრები უკრაინელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი